ფინანსური ოფციონები (financial options)
- Bekar Bartaia
- Jul 3, 2019
- 2 min read
რა არის ოფციონი
ოფციონი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს ოფციონის მყიდველს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, რომ მომავალ თარიღში (maturity date) იყიდოს ან გაყიდოს, იმის მიხედვით ეს ქოლ ოფციონია (call option) თუ ფუთ ოპციონი (put option), გარვეული ფინანსური ინსტრუმენტი, აქტივი (underlying) წინასწარ ფიქსირებულ კონტრაქტის ფასად (strike price). და პირიქით, ოპციონის გამყიდველი ვალდებულია მიასყიდოს მყიდველს მომავალ თარიღში (maturity date) აქტივი ფიქსირებულ ფასად თუ ამას მოითხოვს ოფციონის მყიდველი.
ევროპული და ამერიკული ოფციონები
ევროპულ და ამერიკულ ოფციონებს არანაირი კავშირი არ აქვთ გეოგრაფიულად ევროპასთან და ამერიკასთან. ევროპული ოფციონი მყიდველს აძლევს უფლებას რომ მოითხოვოს კონტრაქტის შესრულება (option execution) მხოლოდ განსაზღვრულ თარიღში (maturity date), და ამერიკული ოფციონი მყიდველს აძლევს უფლებას რომ მოითხოვოს კონტრაქტის შესრულება (option execution) ნებისმიერ დროს კონტრაქტის დაწყებიდან განსაზღვრული თარიღის ჩათვლით (maturity date).
ბერმუდული, აზიური და სხვა ეგზოტიკური ოფციონები
ევროპული და ამერიკული ოფციონების გარდა არსებობს სხვა უფრო არასტანდარტული ოფციონებიც, რომლების ერთმანეთისგან განსხვავდებიან სხვადასხვა პარამეტრებით. იმის გამო რომ ისინი არიან არასტანდარტული ოფციონები, მათ ეძახიან ეგზოტიკურ (exotic) ოფციონებს. როგორც წესი ასეთი ოფციონებით ვაჭრობა ხდება არა სტანდარტიზებულ ბირჟებზე, არამედ პირდაპირ მყიდველსა და გამყიდველს შორის, და მაგის გამო მათ ასევე ეწოდებათ დახლიდან გაყიდული (over the counter, OTC) ინსტრუმენტებიც.
ბერმუდული ოფციონი მყიდველს აძლევს უფლებას რომ მოითხოვოს კონტრაქტის შესრულება გარყვეულ წინასწარ დადგენილ თარიღებში კონტრაქტის ვადის გასვლამდე (maturity date). იმის გამო, რომ ბერმუდული ოფციონები უფრო მეტ უფლებებს აძლევს მყიდველს ვიდრე ევროპული, და უფრო ნაკლებს ვიდრე ამერიკული, და გეოგრაფიულად ბერმუდის კუნძულები ევროპასა და ამერიკის შორისაა, სახელიც მაგ მიზეზით დაერქვათ.
აზიური ოფციონის შემთხევაში, აქტივის ფასის დადგენა, რომელიც იქნება გამოყენებული როგორც კონტრაქტის ფასი (strike price), ხდება მომავლის გარკვეულ დროის პერიოდში აქტივის საშუალო ფასის აღებით. აზიური ოფციონის უპირატესობაა ის რომ ის ართულებს ოფციონის ფასის მანიპულირებას, და ასევე ის უფრო იაფია ვიდრე ევროპული და ამერიკული ოფციონები, იმიტომ რომ გასაშუალებულ აქტივის ფასს უფრო ნაკლები არასტაბილურობა (volatility) აქვს ვიდრე ჩვეულებრივი აქტივის ფასს.
ბერმუდული და აზიური ოფციონების გარდა, არსებობს ბევრი სხვადასხვანაირი ეგზოტიკური ოფციონი, მაგალითად ბარიერული (barrier), კალათობრივი (basket), ორობითი (binary), ამოსარჩევითი (chooser), ნაერთი (compound), და ასე შემდეგ.
ოფციონის ფასი
რადგან ოფციონი აძლევს ოფციონის მყიდველს გარკვეულ უფლებებს მომავალში, მაგრამ მას არ მოეთხოვება არანაირი ვალდებულებები, ასეთ კონტრაქტს აქვს დადებითი ღირებულება მყიდველისთვის. ამიტომ მყიდველმა უნდა გადაუხადოს გარკვეული თანხა ოფციონის გამყიდველს ამ უფლებების მომავალში მისაღებად. მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება ოფციონის ფასის დადგენისას, არის ის, რომ რა არის სამართლიანი ფასი (fair price), რომელიც ოფციონის მყიდველმა უნდა გადაუხადოს ოფციონის გამყიდველს დღეს, რომ გარკვეული უფლებები მიიღოს ოფციონის გამყიდველისგან მომავალში? მომავალ სტატიებში განვიხილავ თუ როგორ ხდება ამ ფასის დადგენა.
რეფერენსები: https://en.wikipedia.org/wiki/Option_(finance)
コメント